რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, უკრაინამ 100 მოქალაქე დაიბრუნა, მათ შორის სამხედროები, მეზღვაურები, მესაზღვრეები და ეროვნული გვარდიის წევრები. ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის, „აზოვსტალის“, „ჰოსტომელის“ დამცველები. ზოგიერთ მათგანს სერიოზული ჭრილობები აქვს. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობას, რომ გაცვლის შედეგად რუსეთში 106 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა აგრძელებს მუშაობას რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად.