უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში 50-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. განხორციელდა 4 სარაკეტო და 40 საავიაციო დარტყმა. 58-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული ზალპური სისტემებიდან. სამიზნე დასახლებული პუნქტები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი, მამაკაცი და ბავშვი. გავრცელებული ცნობით, რაკეტები საცხოვრებელ სახლს დაეცა. გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგის ძალისხმევა ახლა ლიმანის, ბახმუტის, მარინსკისა და ავდეევკისკენ არის მიმართული. ამასთან, მშობლებს რუსეთში იძულებით დეპორტირებული სამი უკრაინელი ბავშვი დაუბრუნეს. ომის დაწყების შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა ქვეყნიდან იძულებით 16 000-ზე მეტი ბავშვი გაიყვანა.