რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის ძალებმა ხერსონი დაბომბეს – დაღუპულია სამი ადამიანი, ორი კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმა განხორციელდა ხერსონის ნიკოლაევსკის გზატკეცილზე, ჭურვი მანქანას დაეცა.

გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქზე 29 საავიაციო და ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ოკუპანტებმა 100-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობას შორის, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი.

როგორც გენშტაბში აცხადებენ, რუსი სამხედროები კვლავ ცდილობენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლას. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანისბახმუტის, ავდეევკის, მარიინსკისა და შახტერსკის მიმართულებებზე შეტევისკენ. უკრაინული მხარის განცხადებით, უკრაინის ძალებმა რუსეთის პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის 16 ადგილზე, ასევე მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პოზიციაზე და საბრძოლო მასალების საწყობზე განახორციელეს დარტყმა.

უკრაინელმა სამხედროებმა ასევე ჩამოაგდეს ერთი უპილოტო საფრენი აპარატი. ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ორი დღის წინ განხორციელებული მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებული ენერგოსისტემის აღდგენით სამუშაოებზე ისაუბრა.