ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხუთი მიმართულებით მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქზე 29 საავიაციო და ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ოკუპანტებმა 100-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობას შორის, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი.
როგორც გენშტაბში აცხადებენ, რუსი სამხედროები კვლავ ცდილობენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლას. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარიინსკისა და შახტერსკის მიმართულებებზე შეტევისკენ. უკრაინული მხარის განცხადებით, უკრაინის ძალებმა რუსეთის პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის 16 ადგილზე, ასევე მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პოზიციაზე და საბრძოლო მასალების საწყობზე განახორციელეს დარტყმა.
უკრაინელმა სამხედროებმა ასევე ჩამოაგდეს ერთი უპილოტო საფრენი აპარატი. ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ორი დღის წინ განხორციელებული მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებული ენერგოსისტემის აღდგენით სამუშაოებზე ისაუბრა.