გერმანიაში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობის პარალელურად, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევში, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში რაკეტის ნამსხვრევების ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.
პარალელურად, უკრაინის არმიის გენშტაბი იუწყება, რომ გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინაში 10 სარაკეტო და 29 საავიაციო იერიში განახორციელეს. რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო ობიექტებისა და სამხედრო პოზიციების მიმართულებით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 69-ჯერ გახსნეს ცეცხლი. უკრაინის არმიის გენშტაბის მოხსენების თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში შეტევას ხუთი მიმართულებით აგრძელებენ. რუსეთის საარმიო ნაწილები უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევას კუპიანსკში, ლიმანში, ბახმუტში, ავდეევკასა და შახტერში ცდილობენ.
გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდასხმა დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის რეგიონების 20 დასახლებაში მოიგერიეს.