უკრაინაში ომი გრძელდება – განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოლედარსა და ბახმუტში. პენტაგონში ამბობენ, რომ სოლედარს ჯერჯერობით რუსები სრულად ვერ აკონტროლებენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ 11 და 12 იანვარს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, აკონტროლებენ სოლედარის უმეტეს ნაწილს, თუ არა მთელ ქალაქს. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ რუსული ძალების მიერ სოლედარის დაკავება არ არის ოპერატიულად მნიშვნელოვანი მოვლენა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბახმუტის ალყაში გარდაუვლად მოხვედრას მოასწავებდეს.
უკრაინული მხარის ცნობით კი, საოკუპაციო ძალები სტრატეგიული ქალაქის დაკავებას კვლავ ცდილობენ, თუმცა ქვეყნის შეიარაღებული ძალები პოზიციებს იკავებენ და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქებთან, ბახმუტთან და სოლედართან ბრძოლების დროს, სავარაუდოდ, 20 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა.