უკრაინაში ომი გრძელდება. ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე შეტევა განაახლეს. ქალაქში საჰაერო განგაშის ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. იერიშების სამიზნე საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა იყო, სადაც თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ღამით დაბომბეს სუმის ოლქის ორი დასახლებაც, რომლის მიმართულებითაც 7 ჭურვი გაუშვეს. გრძელდება ბრძოლა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარისთვისაც, სადაც გუშინ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა – თითქოს ქალაქი რუსულმა ძალებმა სრულად დაიკავეს. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ქალაქი რუსების ხელში გადავიდა. ქალაქის დაკარგვას უარყოფს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.