დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი უკრაინაში საბრძოლო შეტაკებების ეპიცენტრად რჩება.
ცხელი წერტილიდან დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ქალაქს რუსი სამხედროების მიერ აღებულად, უკრაინელ მებრძოლებს კი ალყაში მოქცეულად აცხადებს, თუმცა ინფორმაციას უკრაინული მხარე არ ადასტურებს. ბახმუტთან ახლოს მდებარე ქალაქში საბრძოლო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. პარალელურად უკრაინის ხელისუფლება რუსეთისგან უახლოეს დღეებში მორიგ მასირებულ საჰაერო შეტევებს პროგნოზირებს და დასავლეთს თანამედროვე შეიარაღების მიწოდებას სთხოვს.