დონეცკის ქალაქ სოლედარისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება. უკრაინული და რუსული მხარე ქალაქში და მის შემოგარენში არსებული სიტუაციის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი წერს, რომ რუსმა სამხედროებმა დაიკავეს ქალაქი და იქ დარჩენილი უკრაინული ძალები ალყაში მოაქციეს. კიევში კი აცხადებენ, რომ სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხედროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში, მაგრამ ქალაქი სამხრეთიდან რუსეთის საცეცხლე კონტროლქვეშაა. სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, სოლედარის დაკარგვის შემთხვევაში, უკრაინელებს, შესაძლოა, გაუჭირდეთ ბახმუტის დაცვა, რომელსაც რუსები უკვე რამდენიმე თვეა უტევენ.
რაც შეეხება სხვა ოლქებში არსებულ სიტუაციას, უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიება მხოლოდ დონეცკის ოლქში 13 დასახლებულ პუნქტთან შეძლეს. მათ შორის ნახსენებია ქალაქი ბახმუტიც. რუსეთის არმიამ ბოლო დღე-ღამეში ექვსი სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა განახორციელა. ასევე, 50-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. მათ შორის ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქში.
უკრაინის პრეზიდენტმა თავის მორიგ ვიდეომიმართვაში დასავლეთს მოუწოდა, გადასცენ უკრაინას თანამედროვე შეიარაღება, რადგანაც რუსეთი მორიგი შეტევისთვის ემზადება.
ვარაუდობენ, რომ მორიგ სარაკეტო დარტყმებს ოკუპანტები 12-15 იანვარს განახორციელებენ.