უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში მტრის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეკრების ადგილებზე 20-ჯერ მიიტანეს დარტყმა. თავის მხრივ რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე 3 სარაკეტო და 13 საავიაციო იერიში მიიტანა. ამასთან, რუსმა სამხედროებმა 68-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. ყველაზე მეტად დონეცკის ოლქში დაზარალდა ქალაქები ბახმუტი, კონსტანტინოვკა და კურახოვო. დნეპროპეტროვსკში კი ნიკოპოლი. ცეცხლი კვლავ გაუხსნეს ქალაქ ხერსონსაც. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია კვლავაც კონცენტრირებულია ქალაქ ბახმუტის აღებაზე. რუსი ჯარისკაცების დარტყმების გამო, ქალაქის თითქმის 60% დანგრეულია. თავის მხრივ რუსი ოკუპანტები გასული დღე-ღამის განმავლობაში იუწყებოდნენ აფეთქებების შესახებ მათ მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლსა და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც რუსი ჯარისკაცების ცნობით, მათ საჰაერო თავდაცვის სისტემით შეძლეს უკრაინელების დრონების ჩამოგდება.