მე-300 დღე უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან. რუსული ძალების იერიში ისევ გრძელდება, თუმცა, ბრძოლას განაგრძობენ უკრაინელებიც. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა ოკუპანტების მართვის ორი პუნქტი და საბრძოლო მასალების ერთი საწყობი გაანადგურეს, დარტყმა განახორციელეს ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ორ რაიონზე და ჩამოაგდეს ორი რუსული ვერტმფრენი. გენერალური შტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა ირანული წარმოების 28 დრონი გამოიყენეს, რომელთაგან 23 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ამასთან ერთად, მოწინააღმდეგე განაგრძობს შეტევით მოქმედებებს ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებით. ასევე არ წყვეტს ცეცხლს ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალები ბახმუტის მახლობლად, დიდი ხნის წინ დაკავებული პოზიციებიდან განდევნეს. ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ბახმუტის შემოგარენში, ასევე ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთითა და სამხრეთით.