ომის 26-ე დღე – კიევზე ავიადარტყმები არ წყდება.
იერიშის სამიზნე საცხოვრებელი დასახლებებია. ამჯერად მსხვერპლი პოდოლსკის რაიონშია, რომელიც გვიან ღამით დაბომბეს. დედაქალაქში 35-საათიანი კომენდანტის საათი ცხადდება. მთავარი ცხელი წერტილი რუსეთის საოკუპაციო ძალებით გარშემორტყმული მარიუპოლია, რომლის აღება მტრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. რუსეთის ულტიმატუმის ვადა უკვე ამოიწურა, მარიუპოლი დანებებას არ აპირებს. სწორედ ქალაქის ჩაბარების შემთხვევაში თანხმდებოდა რუსეთი ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას ქალაქში, სადაც მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია. საარტილერიო და საავიაციო შეტევების ფონზე ონლაინ-მოლაპარაკებები გრძელდება. უკრაინაში მიმდინარე ომის განსახილველად ხვალ ამერიკის პრეზიდენტი პოლონეთში ჩადის. ზელენსკი დასავლეთისგან უფრო აქტიურ მოქმედებებს და ომის შესაჩერებლად რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას ითხოვს. ევროპელი ლიდერების მხრიდან რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების გზებზე საუბრები სულ უფრო ინტენსიური ხდება.