რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

მასშტაბური საჰაერო თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. გუშინ რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო დარტყმების შედეგად, 10 ადამიანია დაღუპული, მათგან ხუთი ვიშეგოროდის რაიონში. დაშავდა 36 მოქალაქე. გავრცელებული ცნობით, მხოლოდ საჰაერო სისტემებით რუსეთმა 70-მდე რაკეტა გაუშვა, საიდანაც 51-ის განეიტრალება უკრაინულმა ძალებმა შეძლეს. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ჩამოაგდეს ხუთი „კამიკაძე“დრონიც. რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, მათ შორის ისეთი დიდი ქალაქებიც, როგორებიცაა: კიევი, ლვოვი და ოდესა. ამ დროისთვის საჰაერო განგაშის სიგნალი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხსნილია.

„კიევის ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ენერგომომარაგება უახლოეს საათებში აღუდგება.“ – ამის შესახებ კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. კულებას თქმით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის შემდეგ, ელექტროენერგია ეტაპობრივად მოსახლეობასაც აღუდგება. იქამდე კი, დედაქალაქის მასშტაბით მოწყობილია სპეციალური პუნქტები, სადაც მოსახლეობას შეუძლია გასათბობად, საკვებად და ტელეფონების დასატენად მივიდეს. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო დარტყმების შედეგად, ელექტროენერგია აღარ მიეწოდება ქვეყნის არცერთ ატომურ ელექტროსადგურს, თბოელექტროსადგურების და ჰიდროელექტროსადგურების უმეტესობას.