უკრაინის არმიამ დონეცკის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერია. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ინტენსიურ იერიშს ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით ახორციელებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს რეგიონში საოკუპაციო ძალებმა დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ ტანკებითა და არტილერიით გახსნეს ცეცხლი.
პარალელურად, უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიციები, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, კინბურნის ნახევარკუნძულზე დაბომბა. უკრაინაში ათ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, გუშინ რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად. უკრაინის მთავრობის განცხადებით, ოკუპანტების სამიზნე ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რაკეტების უმეტესობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო.