რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 160-ე დღე

უკრაინაში ომი გრძელდება. ოკუპანტებმა ისევ დაბომბეს ნიკოლაევი. უკრაინული მხარის ცნობით, რუსმა სამხედროებმა გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა სმერჩი და სარაკეტო კომპლექსი „s 300“. დაზიანებულია უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი. საჰაერო იერიშები განხორციელდა სუმზე, დნეპროპეტროვსკზე, ხარკოვზე, ლუგანსკსა და დონეცკზე. აფეთქებებს სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. სამი კი დაიჭრა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების შეტევის მოგერიება შეძლეს ბახმუტის, კრამატორსკის და ავდეევკის მიმართულებიდან. ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ქალაქ ბახმუტზე. რთული ვითარება რჩება ხერსონის ოლქშიც. რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო მიკროავტობუსს, რომლითაც სამოქალაქო პირები გადაჰყავდათ, დაღუპულია ორი ადამიანი. როგორც უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ხერსონის ოლქის 46 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება ოკუპანტებისგან. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა 170 ოკუპანტის ლიკვიდაცია შეძლეს.