რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის მიმართულებით წინსვლას განაგრძობენ. ვრცელდება ცნობები, რომ მათ კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს და სახელმწიფო დროშა აღმართეს და ასევე ქალაქი ხერსონი უკვე იმყოფება უკრაინის არტილერიის მოქმედების რადიუსში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსი სამხედროები ქალაქიდან გადიან, თუმცა, ამას დრო დასჭირდება. საუბარია დაახლოებით ერთკვირიან პერიოდზე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ ღამით რუსები ცდილობდნენ, ქალაქი დაეტოვებინათ და მდინარე დნეპრზე გადასულიყვნენ ნავებით, თუმცა, ეს უკრაინელების ცეცხლის ფონზე ხდებოდა.

პარალელურად, რუსეთი აგრძელებს უკრაინულ სოფლებსა და დასახლებებზე სარაკეტო დარტყმებს. მათ შორის დაიბომბა ვინიცის ოლქი, სადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ნიკოლაევზე იერიშს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, რაკეტა ხუთსართულიან სახლს მოხვდა.