რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე რუსული ძალები პოზიციების გამაგრებას 1 000-მდე მობილიზებული ჯარისკაცით ცდილობენ. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით კი, რუსები უკრაინის რეგიონებში მეტწილად თავდაცვით პოზიციებზე გადადიან.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის იერიში 13 მიმართულებიდან მოიგერიეს. გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ რუსი ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში დასახლებებისკენ იყო მიმართული. მათ შორის ბახმუტის, ავდეევკის, სოლედარისა და მარინკას მიმართულებით.

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 15 საავიაციო და ერთი სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ასევე 40-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. შედეგად დაზიანდა დასახლებული პუნქტები ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

უკრაინულმა ავიაციამ ბოლო საბრძოლო დღის განმავლობაში 29 დარტყმა მიიტანა რუსეთის არმიის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე. დადასტურებულია, რომ 21 იერიში წარმატებული იყო. განადგურებულია სამი საყრდენი პუნქტი და ხუთი სარაკეტო-საზენიტო კომპლექსის პოზიცია. უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი და ავია მოიერიშე „სუ-25“. უკრაინის სარაკეტო ძალებმა კი საარტილერიო დარტყმები მიიტანეს მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ოთხ ადგილზე. განადგურებულია სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალის ერთი საწყობი.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია არ აპირებს, დატოვოს პოზიციები ხერსონში და ისინი ე.წ. გასვლის სამზადისის შესახებ ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები შეცდომაში შეიყვანონ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს დღეებში უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომლის მოცულობაც 275 მილიონი დოლარია.