რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსმა სამხედროებმა ქალაქ ზაპოროჟიეს წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ზუსტდება. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღეს დილით ასევე დაბომბეს უკრაინის ქალაქი ხარკოვი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე იერიში რაკეტებით განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია 6 ადამიანის დაშავების შესახებ. ფრონტის ხაზზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია ქალაქ ბახმუტთან. დონეცკის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს გარკვეულ მონაკვეთებში წინსვლა ჰქონდათ, თუმცა უკრაინის არმიამ რუსულ სამხედრო ნაწილებს უკან დაახევინა. ასევე, დონეცკის რეგიონის ფრონტის მთელ ხაზზე დაბომბვა გრძელდება. უკრაინის არმიის ნაწილებმა სამხრეთის მიმართულებაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო მასალების ორი საცავი გაანადგურეს. განადგურებულია რუსული საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მანქანები და ტანკები. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელებმა 15 ირანული „კამიკაძე“ უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით გაუშვეს.