უკრაინის ქალაქ ვინიცაში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ბოლო მონაცემებით 23 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაშავებულია, მათგან 54-ის მდგომარეობა მძიმეა, არიან დაკარგულებიც. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთის მიმართულებით მტრის ტექნიკა და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს. რუსებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს დნეპრო-პეტროვსკის რაიონზე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დანგრეულია სკოლა, შენობასთან ახლა მაშველები მუშაობენ. ჯერ-ჯერობით მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ნიკოლაევში ისევ ისმის აფეთქებების ხმა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქში დილით 10-ზე მეტი ძლიერი აფეთქება მოხდა. ქალაქის მერი მოუწოდებს მოსახლეობას, არ დატოვონ სახლები და თავშესაფრები. ქალაქში მუდმივად ისმის განგაშის სიგნალი.