რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ავიაიერიშები გრძელდება. ომის შესწავლის ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებით, რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები ხერსონში ვითარებასთან დაკავშირებით, წინასწარ ფონის შექმნას ჰგავს, რითაც შემდეგ ტერიტორიიდან გასვლას გაამართლებენ. მათვე ცნობით, ოკუპანტები შეეცდებიან კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დაზიანებას, რითაც გადაფარავენ უკან დახევას და შეანელებენ უკრაინელების წინსვლას ტერიტორიის დატბორვითა და წინაღობის შექმნით. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის „ევაკუაცია“, რეალურად მათი გამოსახლება და რუსეთში გადასახლებაა, რასაც რეგიონის ეთნიკური წმენდა უდევს საფუძვლად. სამხრეთის მიმართულებით, სადაც საბრძოლო მოქმედებები ისევ გრძელდება, უკრაინულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგის 43 მებრძოლი, 6 ტანკი და საბრძოლო მასალების ორი საწყობი გაანადგურეს.