დილიდან საჰაერო განგაშის ხმა ისმის უკრაინის ყველა ოლქში. რუსეთის ძალებმა კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანეს. დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა. მანამდე, ქალაქში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, ენერგომომარაგების ობიექტზე, სავარაუდოდ, სამი დარტყმა განხორციელდა. ხარკოვში კი ხუთი წუთის განმავლობაში აფეთქებების ორი სერია განხორციელდა. წინასწარი ცნობებით, დარტყმის ქვეშ არის ქალაქის სამრეწველო რაიონი. ხარკოვის მეტრომ მუშაობა შეაჩერა. ბოლო დღე-ღამეში, სუმის ოლქში, რუსეთის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. გვიან ღამით, „ეს-300“ ტიპის რაკეტებით დაიბომბა მიკოლაევი. გარდაცვლილია ერთი მამაკაცი. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალების შეტევა ხარკოვისა და დონეცის ოლქების ექვს დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. განადგურებულია ოკუპანტების საბრძოლო მასალების საწყობი, ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ხერსონის ოლქში უკრაინელებმა რუსული „სუ-25“ ჩამოაგდეს.