რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 137-ე დღე

რუსეთი უკრაინის მთელი ტერიტორიის დაბომბვას აგრძელებს. ინტენსიურად იბომბება დონეცკის ოლქი. უკრაინული მხარის ცნობით, ქალაქ ბახმუტთან მდებარე დაბა ჩასოვ იარიში რუსებმა საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. დაღუპულია სულ მცირე 6 და დაშავებულია 5 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ნანგრევების ქვეშ 30-მდე ადამიანია მოყოლილი, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. გასულ დღეს, რუსების საარტილერიო დარტყმებს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა დონეცკის რაიონშიც, დაშავებულია სულ მცირე 23 მოქალაქე. დაიბომბა სუმისა და დნიპროს ოლქები. დაშავდა ოთხი ადამიანი. ახლა რუსების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სლავიანსკია, ქალაქის დასაკავებლად ოკუპანტები შესაბამისი პირობების შექმნას ცდილობენ და ტერიტორიას ინტენსიურად ბომბავენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მტერი ქალაქ ხარკოვთან მიახლოებას და მის დაკავებას გეგმავს. ამ მიზნით, რუსებმა გასულ დღეს ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე შტურმი სცადეს, თუმცა უკრაინის ძალებმა შეტევის მოგერიება შეძლეს. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად სულ 347 ბავშვი დაიღუპა, 648 კი დაშავდა. ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსები საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად ბომბავენ.