ოკუპანტებმა ხერსონის ნაწილიდან ე.წ. სახელმწიფო უწყებების ევაკუაციის პროცესი დაიწყეს. ამ ინფორმაციას გენერალური შტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, ხერსონიდან ოკუპირებულ ყირიმში გააქვთ ბანკებისა და საპენსიო ფონდების ქონება. უკრაინელი სამხედროების ცნობით, ფრონტის ხაზზე ვითარება არსებითად არ შეცვლილია და მტერი განაგრძობს უკრაინის თავდაცვის ძალების შეკავებას, ხოლო ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით შეტევას ცდილობს.
ბოლო 24 საათში რუსეთის არმიამ ორი სარაკეტო და 26 საავიაციო იერიში განახორციელა. 80-ჯერ გახსნა ცეცხლი არტილერიიდან და რეაქტიული სისტემებიდან. რუსი ოკუპანტების დარტყმების სამიზნე 20 დასახლებული პუნქტი გახდა. მათ შორის სუმის, დონეცკისა და ხერსონის ოლქები.
უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ მტრის შეკავებას. ავიაციამ ოკუპანტების პოზიციებზე 30-ზე მეტი დარტყმა მიიტანა, მათგან 25 წარმატებით. განადგურებულია მტრის შეიარაღება და ტექნიკა, ასევე ექვსი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და ერთი უპილოტო აპარატი. სამხრეთის მიმართულებით უკრაინელი სამხედრო მეთაურები კი იუწყებიან, რომ ბოლო 24 საათში განადგურებულია სულ მცირე 50 ოკუპანტი, ორი ტანკი, სამი მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი.
რუსები კი განაგრძობენ სარაკეტო დრონებით შეტევას. ამჯერად იერიში მიიტანეს ნიკოლაევის ოლქზე, სადაც, უკრაინელების ცნობით, სამიზნე ფარმაცევტული საწყობი და სამრეწველო ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. უკრაინულმა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ 11 დრონის ჩამოგდება შეძლო.