რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება. ფრონტის ხაზი ძალიან ფართოა და გადის 2 500 კილომეტრზე, აქედან 1 300 კილომეტრზე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს – განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, მოვლენები გეგმის მიხედვით ვითარდება და ქვეყნის სამხედროები ცალკეულ მიმართულებებზე წარმატებას აღწევენ. უკრაინული მედია წერს, რომ ხერსონის მიმართულებაზე რუსეთის არმიის 83-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადამ საცეცხლე ძალის 40 და ცოცხალი ძალის 30 პროცენტი დაკარგა და დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადავიდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინულმა ავიაციამ 12 დარტყმა მიაყენა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კი 14 სარაკეტო და 15-ზე მეტი საავიაციო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე. ვრცელდება ინფორმაცია ხარკოვისა და სუმის რეგიონების დაბომბვის შესახებ.