რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

აგვისტოს ბოლო დღეა, დონბასში კი, კვლავ უკრაინული დროშა ფრიალებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჰქონდა ბრძანება, რომ დონეცკის ოლქი აგვისტოს ბოლოსთვის სრულად აეღო.

უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა 56-ე და 110-ე ბრიგადებს, ასევე 53-ე და 93-ე ბრიგადებს. ზელენსკიმ ასევე ყირიმის მცხოვრებლებსაც მიმართა და მოუწოდა, თავი შორს დაიჭირონ სამხედრო ობიექტებისგან. ზელენსკი სთხოვს მოსახლეობას, ოკუპანტების შესახებ სპეცსამსახურებს ინფორმაცია მიაწოდონ, რათა უფრო მალე მოხდეს ყირიმის გათავისუფლება. ზელენსკი ამბობს, რომ რუსებს, ოკუპირებული ყირიმიდან დაწყებული, ხარკოვის ოლქამდე, არ ექნებათ არც ერთი უსაფრთხო ბაზა და არცერთი მშვიდი ადგილი.