რუსეთის ძალებმა ქალაქ ხარკოვში ორი საერთო საცხოვრებელი დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დილით განხორციელებული იერიშის შედეგად, ერთი ადამიანია დაღუპული, 18 დაშავდა. მათ შორის არიან ბავშვებიც. დღეს დილიდან რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე ხუთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ხარკოვში მდებარე კიდევ ერთი საერთო საცხოვრებელი რუსეთის არმიამ ღამით დაბომბა, რასაც 7 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 17. პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში – ბელოგორკაში მდებარე ოკუპანტების სამხედრო საწყობი გაანადგურეს. მათი განცხადებით, განადგურებულია 29 ოკუპანტი, თვითმავალი ქვემეხი „პიონი“, დაჯავშნილი და საავტომობილო ტექნიკის ხუთი ერთეული. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია ბოლო 24 საათში რამდენიმე მიმართულებით კვლავ ცდილობდა შეტევას, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათ უკან დაახევინეს. კიევში ამბობენ, რომ შედეგად რუსებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. დონეცკის ოლქზე რუსეთის არმიის დარტყმების შედეგად, ბოლო დღე-ღამეში სამი ადამიანი დაიღუპა. დაიჭრა შვიდი. რუსებმა ასევე დაარტყეს დენპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლს, რომლის მიმართულებითაც 15 ჭურვი გაუშვეს. დაშავდა 57 წლის ქალი. გუშინ ღამით, რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სუმის ოლქსაც. დაზიანდა სკოლა და კულტურის სახლი. უკრაინის გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ რუსეთს კვლავაც მობილიზებული ჰყავს სამხედრო ძალები უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში. ასევე შენარჩუნებულია დარტყმების საფრთხე ბელარუსის ტერიტორიიდანაც.