რუსული აგრესიის შესაჩერებლად კიევი დასავლეთისგან რუსეთის წინააღმდეგ მეტ სანქციებს და უკრაინის საჰაერო ცის დახურვას მოითხოვს.
ქვეყნის დასახლებული პუნქტები ისევ იბომბება, ავიაიერიშების სამიზნე გახდა კიევის შემოგარენიც. ჰუმანიტარული კრიზისია მარიუპოლში, სადაც არაერთი სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბოლო დღეებში 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე დღიანი ბლოკადის შემდეგ ერთი ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა და მოქალაქეებს მარიუპოლის დატოვების უფლება მიეცათ. სამხედრო მოქმედებების პარალელურად, უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. მკვეთრად გასხვავებული პოზიციების გამო მე-4 რაუნდი ტექნიკური პაუზის აღებით დასრულდა. ზელენსკი ერთ-ერთ მთავარ მიზნად რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგის დაწყებას აცხადებს და მოსკოვს კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ უკრაინა ულტიმატუმებს არ მიიღებს. თავის მხრივ კიევი მოსკოვისგან მუქარის შემცველ გზავნილს იღებს.