დასავლეთის კოლექტიური პასუხი რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მასირებულ საჰაერო თავდასხმაზე.
ომში მყოფი ქვეყანა ამერიკისგან ჰაერსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემას დაჩქარებულ ვადებში მიიღებს. „ნასამსის“ ტიპის სისტემების მიწოდების პროცესი დაიწყო, სარაკეტო სისტემები უკრაინას უკვე გადასცა გერმანიამ. ანალოგიური ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებიან ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც, რომელთა თავდაცვის მინისტრები ამ წუთებში ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე არიან შეკრებილები და კიევის მიმართ უფრო მეტი სამხედრო დახმარების გზებს განიხილავენ. ორი დღის წინ კიევის და 15-მდე რეგიონის ერთდროულად დაბომბვის და მოსკოვის მხრიდან ბირთვული მუქარის ფონზე მინისტერიალის მონაწილეები ნატოს თავდაცვისა და შეკავების მექანიზმებსაც განიხილავენ. 10 ოქტომბრის მასშტაბური ავიაიერიშების შემდეგ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს სარაკეტო დარტყმების შესაკავებლად სწორედ საჰაერო თავდაცვითი სისტემით სასწრაფოდ დახმარება სთხოვა.