რუსეთ-უკრაინის ომი - ლონდონის სამიტი

უკრაინის დახმარებაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს დიდ ბრიტანეთში – ლონდონში თავდაცვის სამიტი გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი მონაწილეობდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ ოთხ მნიშვნელოვან ნაბიჯზე, ესენია: „ომის მიმდინარეობისას უკრაინაში სამხედრო დახმარების ნაკადის შენარჩუნება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება; ნებისმიერი ხანგრძლივი მშვიდობა უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას; უკრაინა უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან; სამშვიდობო შეთანხმების დადების შემთხვევაში, ევროპელი ლიდერები ეცდებიან, შეაკავონ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მომავალი შეჭრის მცდელობა. იქმნება „მსურველთა კოალიცია“ უკრაინის დასაცავად და ქვეყანაში მშვიდობის გარანტირებისთვის“​​​.

თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უკრაინას მილიარდ 600 მილიონ ფუნტს გადასცემს 5 000-ზე მეტი რაკეტის შესაძენად. კირ სტარმერის განმარტებით, მათი მიზანია უკრაინის დაყენება ძალიან ძლიერ პოზიციაში, რათა შეძლონ მოლაპარაკებების წარმოება ძლიერი პოზიციიდან, თუმცა, ამავე დროს, მისივე თქმით, შეთანხმებას აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება.