რა მოთხოვნები წამოაყენა პუტინმა
უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა.
ზელენსკი და ურსულა ფონ დერ ლაიენი მსურველთა კოალიციის ონლაინ-შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ვაშინგტონში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ პოზიციების შეჯერება მოხდება. თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპთან შესახვედრად ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში გაემგზავრებიან ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ფინეთის ლიდერები, ასევე ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა ზელენსკი ვაშინგტონში ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიწვია. საერთაშორისო პრესა იმ მოთხოვნების შესახებ წერს, რომლებიც პუტინმა ალასკის სამიტზე უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ წარადგინა. კერძოდ, სააგენტო „რეიტერის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, მაგრამ ალიანსის გარეთ „უსაფრთხოების გარანტიებს“ მიიღოს. მოთხოვნებს შორის არის ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, უკრაინის ჯარების გაყვანა დონბასიდან, უკრაინაში რუსული ენისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური სტატუსის მიღება, სანქციების ნაწილის გაუქმება. გავრცელებული ცნობებით, სანაცვლოდ, პუტინი უკრაინას ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებს დაუბრუნებს, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს; ხერსონსა და ზაპოროჟიეში კი ფრონტის ხაზს გაყინავს. სააგენტო „რეიტერის“ ცნობით, ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს დონბასის დათმობაზე უარი განაცხადა.