„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა იწყება

15:08, 14.10.2026

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში 21, 22, 23 ოქტომბერს ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სოციალურ ქსელში დაწერეს და აღნიშნეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და პროცესზე დაიბარეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პოლიტიკური პარტიების: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტიის“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას.

მმართველი პარტიის არგუმენტებს შორის კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარება სახელდება. „ქართული ოცნების“ დეპუტატები აქცენტს იმ სამართლებრივ არგუმენტებზე აკეთებენ, რომელიც სარჩელს აქვს დართული, სადაც მათი განმარტებით, ზუსტად არის აღწერილი კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები 2004 წლიდან დღემდე. მმართველ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

განსხვავებულია თავად ოპოზიციური პარტიების შეფასებები, იმ პარტიებში, რომელთა აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ აუცილებლობად მიიჩნევს, ამბობენ, რომ ეს არის მორიგი რეპრესია პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და თავად პარტიების აკრძალვის მოთხოვნა არის ანტიკონსტიტუციური.

მსგავსი