პრემიერ-მინისტრის სამძიმარი უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახებისადმი

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში შიდა პოლიტიკური მღელვარება კიდევ უფრო მძაფრდება.

ოპოზიციის მისამართით ომში ჩართვის მცდელობის ბრალდებები ისევ აქტიურდება. ამჯერად ვნებათაღელვა ბოლო დღეებში უკრაინაში რამდენიმე ქართველი მებრძოლის დაღუპვას მოჰყვა. ოპონენტები ხელისუფლებას დაღუპული მეომრების ოჯახების მიმართ სოლიდარობის და სამძიმრის არასათანადოდ და დაგვიანებით გამოცხადების გამო აკრიტიკებენ. ამ კონტექსტში დღეს რამდენჯერმე გაიხსენეს 2013 წელს ავღანეთიდან ქართველი სამხედროების ცხედრების ჩამოსვენება. ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ მთავრობის მეთაურის და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების დღევანდელი სამძიმრის განცხადებები ოპონენტთა მწვავე კრიტიკის შედეგია. თავის მხრივ პრემიერი და მმართველი პარტია ოპონენტებს ფარისევლობაზე და პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებაზე მიუთითებს და უკრაინის ომში მოხალისეებად წასვლის თემაზე სხვა ქვეყნების ლიდერების განცხადებებს ახსენებს.