„უკრაინასა და პოლონეთს შორის კეთილმეზობლობის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერის დრო დადგა“, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ აჩვენა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის საგზაო, სარკინიგზო და ინფრასტრუქტურული კომუნიკაციების ქსელი არასაკმარისია. აქვე მან დაამატა, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარი უნდა გაერთიანდეს. საპასუხოდ კი, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა და პოლონეთი მალე გააფორმებენ ორმხრივ შეთანხმებას ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე და შემდგომში ერთიანი, პირობითი საზღვრის შესახებ, როდესაც უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. ამასთან ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ყველა საჭირო გადაწყვეტილება, ჯერ უკრაინის კანდიდატის სტატუსი, შემდეგ კი სრულუფლებიანი წევრობა, აუცილებლად იქნება მიღებული. მან ასევე მადლობა გადაუხადა პოლონეთის სეიმს, რუსეთის აგრესიის გამო პოლონეთში გადასული უკრაინის მოქალაქეების დახმარების თაობაზე, ბოლო დროს მიღებული კანონისთვის. გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შემოღებული იქნება კანონპროექტი „უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეების სპეციალური სამართლებრივი სტატუსის შესახებ“.