თუ ოდესმე ჩრდილოეთ ან სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს ყოფილხართ, შეიძლება ერთი განსაკუთრებული სანახაობის მომსწრეც გახდით. ხშირად, იქ ცაში სინათლის თავალწარმტაცი შოუ ჩნდება. ამ სინათლეს პოლარულ ციალს უწოდებენ. ჩრდილოეთ პოლუსის სიახლოვეს წარმოქმნის ასეთ ფენომენს ჩრდილოეთის ციალს უწოდებენ, სამხრეთ პოულსთან კი სამხრეთის ციალს.
მიუხედავად იმისა, რომ პოლარული ციალი ყველაზე უკეთესად ღამით ჩანს, სინამდვილეში მას მზე იწვევს.
სინათლისა და სითბოს გარდა, მზე ჩვენკენ დიდი ოდენობით ენერგიას და პატარა ნაწილაკებსაც უშვებს. დედამიწის გარშემო არსებული დამცავი მაგნიტური ველი ამ ენერგიისა და ნაწილაკების დიდი ნაწილისგან გვიცავს და ამიტომ, მათ ვერც კი ვამჩნევთ.
თუმცა, მზე ამ ენერგიას ყოველთვის ერთნაირი ოდენობით არ გზავნის. მუდმივად დაჰქრის მზის ქარი, ზოგჯერ კი ხდება მზის შტორმებიც. მზის შტორმის ერთ-ერთ სახეობას კორონარული მასის ამოფრქვევა ეწოდება. ამ დროს მზე ელექტრიზებული აირის უზარმაზარ ბუშტს ამოაფრქვევს, რომელიც კოსმოსში დიდი სიჩქარით გადაადგილდება.
როდესაც მზის შტორმი ჩვენკენ არის მომართული, ენერგიისა და პატარა ნაწილაკების გარკვეული ნაწილი დედამიწის მაგნიტური ველის ხაზებს ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან პლანეტის ატმოსფერომდე ჩასდევს.
იქ ეს ნაწილაკები ჩვენი ატმოსფეროს აირებთან ურთიერთქმედებს, რაც ცაში შთამბეჭდავ სანახაობას იწვევს. ჟანგბადი მწვანე და წითელ სინათლეს გამოყოფს, აზოტი კი ცისფერსა და მეწამულს.
პოლარული ციალი სხვა პლანეტებზეც ხდება, თუ პლანეტას ატმოსფერო და მაგნიტური ველი აქვს, დიდი ალბათობით, აქვს პოლარული ციალიც. მაგალითად, შთამბეჭდავი ციალი ფიქსირდება იუპიტერსა და სატურნზე.