ომის ერთი წელი - „მოამბე“ კიევიდან

365 დღე რუსული ბომბების ქვეშ.

ხვალ ზუსტად ერთი წელი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. 2021 წლის ბოლოს უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ძალების მობილიზაციას 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა მოჰყვა, რასაც მოსკოვმა დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის მიზნებით დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია უწოდა. ცხოვრება თავშესაფრებში, სარაკეტო დარტყმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ათი ათასობით უდანაშაულო მსხვერპლი, დევნილად ქცეული მილიონობით ადამიანი. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საოკუპაციო ძალებმა დედაქალაქის აღება ვერ მოახერხეს, ომის დაწყებიდან მალევე კი კიევის შემოგარენის დატოვება მოუხდათ. საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული რუსეთი, მკაცრი სანქციების არაერთი პაკეტი აშშ-დან და ევროკავშირიდან – ერთი წლისთავზე უკრაინა არ ნებდება და დასავლეთისგან დამატებითი შეიარაღების მოლოდინში რამდენიმე ქალაქში კონტრშეტევისთვისაც ემზადება.