ომის 52-ე დღეს უკრაინის პრეზიდენტის გაფრთხილება მსოფლიოს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიო მზად უნდა იყოს, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის. ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ კრემლთან მოლაპარაკების სივრცე დღითიდღე ვიწროვდება და, შესაძლოა, მოსკოვთან დიალოგს წერტილი მას შემდეგ დაესვას, რაც რუსეთის არმიის მიერ ქალაქ მარიუპოლში ჩადენილი დანაშაული სრულად იქნება ცნობილი.
კიევში აცხადებენ, რომ მარიუპოლში რუსი ჯარის სისასტიკე ბევრჯერ აღემატება ბუჩასა და სხვა ქალაქებში ნანახს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან კვლავ მოუწოდებენ დასავლეთს, გადასცეს უკრაინას მათ მიერ მოთხოვნილი იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოკრატია დამარცხდება.
დღესვე რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ დაბომბა ხარკოვი და კიევის შემოგარენი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაძაბულობაა აღმოსავლეთ ფრონტზეც, სადაც რუსი ჯარისკაცების მობილიზაცია გრძელდება. კიევში რუსეთის მთავარ სამიზნეს სწორედ დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებს ასახელებენ.