უკრაინაში ომის დაწყებიდან 347-ე დღეა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ არსებული მდგომარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთმა მთელი ძალები უკრაინის თავდაცვის ხაზის გასარღვევად და ბახმუტის ალყაში მოსაქცევად გადაისროლა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება რთულდება, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში და ლიმანში. რუსეთის ძალისხმევა მიმართულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე. რაც შეეხება უკრაინული მხარის წინსვლას, გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის რვა ადგილზე მიიტანეს იერიში. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში მტრის თავდასხმა ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.