ომის 226-ე დღე უკრაინაში

ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტებისგან – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი. მათი ცნობით, 21 სექტემბრიდან, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხარკოვისა და დონეცკის მიმართულებით შეტევის შედეგად, გათავისუფლდა 39 დასახლება, ხოლო 1 ოქტომბრიდან დღემდე, ხერსონის ოლქში დამატებით 29 პუნქტი. ამასთან, უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ 3-4 ოქტომბრიდან, ხერსონის ოლქში რუსები სარეზერვო ძალებით ცდილობენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. უკრაინის გენშტაბის ცნობით, აღმოსავლეთის მიმართულებით, კერძოდ, ლუგანსკის ოლქში უკან დახევის დროს რუსმა სამხედროებმა დანაღმეს დამბა, შედეგად კრამატრორსკის რაიონის ერთი დასახლება დაიტბორა. შენარჩუნებულია უკრაინის ტერიტორიაზე რუსული საავიაციო და სარაკეტო თავდასხმების საფრთხეც. ზაპოროჟიეში 6 ოქტომბერს სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. კიდევ 5 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამასთან ერთად, უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთი კვლავაც განაგრძობს ბრძოლის ველზე ირანული წარმოების დრონების გამოყენებას, თუმცა მათი 60%-ის გაუვნებელყოფა მოხერხდა.