ომის 223-ე დღე უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის და ლუგანსკის ოლქების საზღვარსა და ხერსონის ოლქში წარმატებულ კონტრშეტევას განაგრძობენ. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში რუსეთმა უკრაინაში 370 სამხედრო მოსამსახურე, ერთი თვითმფრინავი, ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ზალპური ცეცხლის ორი რეაქტიული სისტემა, 44 ტანკი და 27 ჯავშანმანქანა დაკარგა. საოკუპაციო ძალებმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს კრამატორსკისა და ბახმუტის მიმართულებებზე. ამასთან, რუსეთის არმია განაგრძობს უკრაინულ დასახლებებზე იერიშებს. ღამით დაიბომბა ხარკოვის ორი რაიონი. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი ქალი. რუსეთის ძალებმა არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს სუმის ოლქის დასახლებებს. ღამით „გრადებიდან“დაიბომბა ასევე დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლიც. დაშავებულია ოთხი ადამიანი.