ომის 214-ე დღე უკრაინაში

ომის 214-ე დღე. რუსეთი აგრძელებს უკრაინის ტერიტორიების დაბომბვებს. გასულ 24 საათში, რუსებმა სარაკეტო და საავიაციო დარტყმები უკრაინის 8 რეგიონში განახორციელეს. პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ დაბომბვების შედეგად ბოლო 24 საათში დაიღუპა 4 და დაშავდა 29 მშვიდობიანი მოქალაქე. მასშტაბურად დაიბომბა ქალაქი ზაპოროჟიე, დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი. ოდესა კიდევ ერთხელ დაბომბეს რუსებმა კამიკაძე დრონების გამოყენებით. კვლავ დაიბომბა მიკოლაევის, სუმის, დნიპროს და ნიკოპოლის რაიონები. დონეცკის ოლქზე განხორციელებულ იერიშს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია სულ მცირე რვა მოქალაქე. პარალელურად, უკრაინელებმა საავიაციო დარტყმა განახორციელეს ხერსონში, რუსეთის პოზიციებზე. გენშტაბში აცხადებენ, რომ განადგურებულია 57 რუსი სამხედრო და 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა. დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა რუსების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკსა და მელიტოპოლში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბრძოლის ველზე უკრაინელებმა რვა მიმართულებით შეძლეს მოწინააღმდეგის შეტევების მოგერიება. ძირითადი ბრძოლები კვლავ დონეცკის, ხერსონის და ხარკოვის რაიონებში მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, რუს ჯარისკაცებს კი ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს.