ომის 188-ე დღე - ვითარება უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. რუსების მიერ ხერსონში განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია ოთხი დასახლება. შეიარაღებული ძალების განცხადებით, ხერსონის მიმართულებით, რუსეთის პოზიციებზე 220 საარტილერიო დარტყმა განხორციელდა, შედეგად განადგურებულია მოწინააღმდეგის 159 მებრძოლი და 60 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ამასთან, დარტყმები განხორციელდა ანტონოვკას საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებზე, რათა პოზიციების გამაგრება მოხერხდეს. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის ძალები ხერსონს უახლოვდებიან. ქალაქთან ახლოს სროლების და აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინული მხარის ცნობით, ხერსონის ოლქში უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე საარტილერიო დარტყმები განახორციელეს რუსებმაც. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე მეტად ორი დასახლება დაზარალდა, სადაც რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. პარალელურად, რუსეთი არ წყვეტს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების დაბომბვებს. დღეს ორჯერ დაიბომბა ქალაქი ხარკოვი. გარდაცვლილია ხუთი და დაშავებულია 11 პირი. კვლავ დაიბომბა ქალაქი მიკოლაევი, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთი არ წყვეტს ზაპოროჟიეს დაბომბვებსაც. დღეს კიევში ჩავიდნენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები, რომლებიც მიმდინარე კვირის ბოლოს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჩავლენ და იქ არსებული ვითარებას შეისწავლიან.