ომის 137-ე დღე უკრაინაში

დონეცკის რაიონის ქალაქ ჩასივ იარიში საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 5 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. პარალელურად, გრძელდება სხვა რაიონების საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვები. რუსეთში აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ სლავიანსკზე, სადაც საბრძოლო მასალების ორი ანგარი გაანადგურეს. უკრაინულ მხარეს ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია. ოკუპანტები ბომბავენ ხარკოვის და მიკოლაევის რაიონებსაც. იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 347 ბავშვი დაიღუპა, 648 კი დაშავდა – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ქვეყნის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ რუსები საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად ბომბავენ.