ომი უკრაინაში - ვითარება საბრძოლო მოქმედებების ზონაში

აფეთქებების ხმა ისევ ისმოდა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსეთის მიერ დანიშნული ყირიმის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო აეროდრომ „ბელბეკზე“ მიიტანეს იერიში, თუმცა, მათი მტკიცებით, ანტისაჰაერო თავდაცვამ რაკეტები გააუვნებელყო. ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხები იუწყებიან, რომ აფეთქებების ხმები ისმოდა ბახჩისარაიში, ევპატორიასა და ნოვოფედოროვკაში. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია ნიკოლაევის მიმართულებით, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიურ მიმოხილვაში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს დასახლება ბლაგო-დატნოესთან. მათივე ინფორმაციით, რუსეთის არმია აგრძელებს საარტილერიო დანადგარებიდან და ტანკებიდან ცეცხლს იუჟნობუგსკის მიმართულებით მდებარე დასახლებებისკენ. უკრაინის გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ რუსეთის არმია დიდი დანაკარგის ფონზე, პროფესიული მომზადებისა და მოტივაციის მქონე სამხედროების მწვავე დანაკლისს განიცდის.