ომი უკრაინაში - რა ვითარებაა დაბომბილ ქალაქებში

უკრაინის ქალაქები და დასახლებები ისევ იბომბება. ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე 651 საცხოვრებელი შენობა მთლიანად განადგურდა, 3 000-ზე მეტი კი დაზიანდა. თუმცა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ეს მონაცემები არ ასახავს იმ ქალაქებში არსებულ ვითარებას, რომლებსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. რუსეთის ჯარებით გარშემორტყმულ მარიუპოლში, ხერსონსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში ჰუმანიტარული კრიზისია. საომარი მოქმედებების პარალელურად არ წყდება დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასასრულებლად. ორ დღეში ნატოს, ევროკავშირის და დიდი შვიდეულის ლიდერების შეხვედრებია. კიევის პოზიციაა, რომ ქვეყანა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე არანაირ დათმობაზე არ წავა. რაც შეეხება ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიებს და სამშვიდობო დოკუმენტს, რომელიც მოლაპარაკებათა მაგიდასთან დევს – კომპრომისულ მოდელებზე შეთანხმების მიღწევამდე მისი დეტალების გასაჯაროებისგან უკრაინული მხარე თავს იკავებს. დღის წესრიგში რჩება ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაც, რომლის გამართვა სწორედ შესაძლო კომპრომისებზე შეთანხმების შემდეგ განიხილება.