მოსკოვის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კიევში ელოდებიან.
შუამავალი ქვეყნის პირველი დიპლომატი დღეს რუს კოლეგას შეხვდა. დიპლომატიის გზით ომის დასრულება მევლუთ ჩავუშოღლუს მთავარი გზავნილია. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ აფიქსირებს სურვილს, რომ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს და ამ შეხვედრას თურქეთმა უმასპინძლოს. წინა კვირას სწორედ თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. როგორ უნდა შეიქმნას დიპლომატიური გზებისთვის საფუძველი – ეს დღევანდელი დიალოგის მთავარი თემა იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებულ გზავნილებს ხვალ თურქეთის პირველი დიპლომატი კიევში ჩაიტანს და უკრაინის ხელისუფლებას პირადად გააცნობს. პარალელურად დასავლური პრესა წერს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებში პროგრესია, სავარაუდო შეთანხმების ერთი პუნქტი კი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის ნეიტრალიტეტს გულისხმობს, რაც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ლავროვმაც დაადასტურა.