დილემა გადაჭრილია – თითქმის ერთთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ ევროკავშირმა კონსენსუსს მიაღწია და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე კომპრომისული პაკეტი დაამტიცა.
მთავარი სადავო თემა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება იყო, რასაც უნგრეთი არ ეთანხმებოდა. საბოლოოდ ევროპელი ლიდერები რუსული ნავთობის 75%-ის იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ, გამონაკლისი მილსადენებით მიწოდებული ნავთობი იქნება. სასანქციო პაკეტში რუსეთის უმსხვილესი ბანკის სვიფტიდან გათიშვაც არის გათვალისწინებული. გამკაცრებული სანქციებით ევროპა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას და სამხედრო შესაძლებლობების დაფინანსების დაბლოკვას ცდილობს. თუმცა, უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევებს არ წყვეტენ. მიზანი ლუგანსკის და დონეცკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებაა. ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ქალაქ სევეროდონეცკში, საცხოვრებელი კორპუსები დაიბომბა დონეცკის ქალაქ სლავიანსკში.