ევროკავშირის ლიდერების პრიორიტეტი ახლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მძიმე – მეექვსე პაკეტის დამტკიცება და ამ გზით მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებაა.
საგანგებო სამიტზე დღის წესრიგშია უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის გეგმის შემუშავებაც. სანამ ბრიუსელში შეკრებილი ლიდერები უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევას და მეექვსე პაკეტის გარშემო კონსენსუსის მიღწევას ცდილობენ, უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები სულ უფრო ინტენსიური ხდება. ეპიცენტრში ამჯერად ლუგანსკის ოლქია. რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ სევეროდონეცკის აღებას ცდილობენ. პერმანენტულად ირღვევა მოქალაქეთა მშვიდობიანი ევაკუაციის გარანტიებიც. საევაკუაციო ჯავშანმანქანას, რომელსაც სწორედ ლუგანსკიდან მოქალაქეების ნაწილი გამოჰყავდა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი. ევაკუაციის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. ისევ გაურკვეველი რჩება „აზოვსტალიდან“ რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაყვანილი „აზოვის“ მეთაურების ბედიც.