ლუგანსკის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სოფელ ბელგოროვკაში რუსეთის მიერ სკოლის შენობაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმას, სულ მცირე, 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სერგეი გაიდაის თქმით, შენობას 90 ადამიანი აფარებდა თავს. ნანგრევებიდან მხოლოდ 30 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ძირითად ძალისხმევას დონეცკში, რუბეჟნოის დაკავებისკენ მიმართავენ და დაბა ლიმანისა და სევეროდონეცკის ასაღებად ემზადებიან. ასევე, კვლავ ცდილობენ იზიუმის დაკავებას და ამისთვის რუსეთიდან დამატებითი ძალები გადმოისროლეს. დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, რუსმა სამხედროებმა გასულ დღეს რეგიონში ოთხი მშვიდობიან მოქალაქე მოკლეს და 9 დაჭრეს. გრძელდება უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები. გასულ ღამეს, მთელი უკრაინის მასშტაბით, თითქმის ყველა ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო. დაიბომბა ხარკოვის ოლქი, სადაც საარტილერიო დარტყმებს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქებების ხმები ისმოდა ოდესის და მიკოლაევის ოლქებშიც. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს, რუსების 9 შეტევა მოიგერიეს. გაანადგურეს მოწინააღმდეგეს 19 ტანკი, 20 ჯავშანმანქანა, ერთი ვერტმფრენი და 6 უპილოტო საფრენი აპარატი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 8 და 9 მაისს, რუსეთი დაბომბვების და სარაკეტო დარტყმების გააქტიურებას გეგმავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომის დაწყების დღიდან, უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებზე 200 თავდასხმა დაფიქსირდა, უკრაინული მხარის ცნობით კი, რუსეთის აგრესიის შედეგად ჯანდაცვის 40 დაწესებულება განადგურდა და 10 ექიმი დაიღუპა.