უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საცხოვრებლის დატოვება 11 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. ინფორმაციას გაერო ავრცელებს. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 4.4 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად იქცა და თავი მეზობელ ქვეყნებს, ასევე სხვა სახელმწიფოებს შეაფარა. ლტოლვილების 90 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიაზე ათი ჰუმანიტარული დერეფანი შეთანხმდა. დასავლური სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალები მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას აგრძელებენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში ქალაქ მირგოროდზე მიიტანეს. უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუს ჯარისკაცებს ქალაქ ბუჩაში წამებით სიკვდილამდე მიჰყავდათ არა მხოლოდ ზრდასრული ადამიანები, არამედ ბავშვებიც. უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უკრაინის 15 ათასამდე მოქალაქე მიიჩნევა დაკარგულად. დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინაში ომის ხელმძღვანელობა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელს, გენერალ ალექსანდრე დვორნიკოვს ჩააბარა, რომელსაც სირიაში რუსული ოპერაციების წარმართვის გამოცდილება აქვს.