ომის 311-ე დღე უკრაინაში – გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა ათი კამიკაძე ირანული დრონი ჩამოაგდეს და თავდასხმა 15 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ოკუპანტები კვლავ განაგრძობენ შეტევის მცდელობებს ფრონტის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, ასევე ბახმუტთან, ლიმანთან და ავდეევკასთან.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონბასში, ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინის ძალებს წინსვლა აქვთ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან ფრონტზე არსებული ვითარება სამხედრო მეთაურობასთან განიხილა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი კვლავ ბახმუტი, სოლედარი და კრემენაიაა. ამასთან, უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ მომავალ წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ევროპის მთელი კონტინენტის უსაფრთხოების გარანტია გახდება.